აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოპოზიციისა და ხელისუფლების ჩაშლილ მოლაპარაკებაზე | 15.04.2021

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედგაცრუებულია, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ სურვილებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება “ამერიკის ხმამ” მოიპოვა და მასში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მნიშვნელობაზეა საუბარი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კომპრომისის მისაღწევად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

“ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამთ ჩვენი პოზიცია, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს,” – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.