ყოფილი პრემიერის ახალი გუნდის წევრებმა პარლამენტში დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს | 14.04.2021

საპარლაემნტო უმრავლესობა დღეს გიორგი გახარიას თანამოაზრე ექვსმა დეპუტატმა დატოვა. “ქართულ ოცნებას” გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დაემშვიდობნენ. გახარიას გუნდი ყოფილ პრემიერთან ერთად ახალი პარტიის მშენებლობას იწყებს, რომლის პრეზეტაციასაც ყოფილი პრემიერი უახლოეს მომავალში გამართავს. მანამდე კი მისი გუნდის წევრები მთავარ პრობლემად პოლიტიკურ დაპირისპირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ყველა იმ  ინიციატივას დაუჭერენ მხარს, რომელიც განხეთქილებას განმუხტავს.

ყოფილი პრემიერის ახალი გუნდის წევრებმა პარლამენტში დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი სკამები დაიკავეს. ფრაქციიდან გასვლის შედეგად, კი საპარლამენტო თანამდებობებს ავტომატურად დაკარგავენ. ისინი მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში გააგრძლებენ.  უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ვარაუდობენ, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მათ დღეს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა თქვეს, რომ იაზრებენ იმ შეცდომებს, რაც გახარიამ ხელისულფებაში ყოფნისას დაუშვა.

არჩილ თალაკვაძე 6 დეპუტატის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებას  გაუმართლებელ ნაბიჯად აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიაც და წასული დეპუტატებიც მხოლოდ პირადი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. თალაკვაძე  სირცხვილს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას და თვლის, რომ საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და  გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ, მიმდინარე პროცესები მმართველ გუნდზე მეტად ოპოზიციისთვისაა სანერვიულო, რადგან მათ ადგილები პარლამენტში შესაძლოა სწორედ გახარიამ დაიკავოს.

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ჯგუფის შექმნას კარგ პროცესს უწოდებს “მოქალაქეების” ლიდერი. ლევან იოსელიანი “ქართული ოცნებიდან” გარკვეული ჯგუფის გამოყოფას მიესალმება და ამბობს, რომ გახარიას გუნდს საზოგადოებისთვის რიგ საკითხებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა მოუწევს.

ოპოზიცია  ფიქრობს, რომ რღვევის პროცესი, რომელიც “ქართულ ოცნებაში” დიდი ხანია მიმდინარეობს, დღეს სააშკარაოზე გამოვიდა. ხელუსფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ გახარიას პოლიტიკური განაცხადი სერიოზულობას მას შემდეგ შეიძენს, რაც ყოფილი პრემიერი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, პასუხებს გასცემს.

გიორგი გახარიას გუნდი კითხვებს პასუხებს სავარაუდოდ უახლოეს კვირებში გასცემს. იქნება თუ არა ეს საზოგადოებისთვის მისაღები და ამომწურავი, ეს პარტიის პრეზენტაციის შემდეგ გაირკვევა. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გადაწყვეტილება მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ნიკა მელიას დაკავების საკითზე  გუნდთან უთანხმოების გამო მიიღო.

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები