ვითარება რიონის ხეობაში – სოფელი გუმათი დღეს დილიდან 2 ნაწილად არის გაყოფილი | 14.04.2021

რიონის ხეობაში სიტუაცია ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება.  პროტესტის მთავარი ეპიცენტრი  სოფელი გუმათი დღეს დილიდან 2 ნაწილად არის გაყოფილი.  ადგილზე  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რამდენიმე ასეული თანამშრომელი შეიყვანეს. მობილიზებულია  წყლის ჭავლის მანქანებიც. პოლიციამ  რკინის ჯებირებით გადაკეტა ნამახვანისკენ მიმავალი გზა. კედლის აღმართვა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციაზე ბრახუნით გააპროტესტეს, რასაც აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

რიონის ხეობაში დაძაბული ვითარება იყო გვიან ღამითაც. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე რიონის ხეობის მცველებს სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად ჰქონდათ გადაკეტილი. დემონსტრანტები მოითხოვდნენ, რომ პოლიციას  გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი მოეხსნა  და  მათ  მისცემოდათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი.  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ 6 პირი დააკავა.

პროტესტის 171-ე დღეს რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა  მოთხოვნა უცვლელია. აქციის მონაწილეები  ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია “ენკა”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას  მოითხოვენ. ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვები დაშალეს. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ  თუ მათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა არ ექნებათ, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები