5-საათიანი დაძაბული სასამართლო სხდომა და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში | 13.04.2021

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მელია 224-ე საკანში დააბრუნა. 5 საათიან რთულ პროცესს დღეს საქმის მთავარი ფიგურანტი, ნიკა მელია დაესწრო, რომელიც მოსამართლემ სხდომის ბოლოს სამართლო დარბაზიდან გააძევა. მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტყილებას პოლიტიკურად მოტივირებული, თავად მოსამართლეს კი მონა უწოდა.

სანამ სასამართლო თავის საბოლოო ვერდიქტს იტყოდა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ მოსამართლეს ვრცელი სიტყვით მიმართა და განმარტა, რომ მისი თვითმიზანი ციხეში ჯდომა არაა, თუმცა ის უკანონო გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. ნიკა მელიას სიტყვის ადრესატი დღეს არამარტო პოლიტიზირებული სასამართლო, არამედ ოპოზიციაც იყო. მელია მის თანამოაზრეებს მოუწოდებს, მისი თავისუფლების სანაცვლოდ ხელისუფლებასთან რაიმე სახის მნიშვნელოვან დათმობაზე არ წავიდნენ.

დაცვის მხარე  გარდა მელიას გათავისუფლებისა, დღეს ორი ახალი მოწმის გამოკითხვასაც ითხოვდა. სიაში პირველი იყო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ აღიარა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მას 20 ივნისის კადრების წაშლა დაავალა. დაცვის მხარე მოწმეთა სიაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ჩასმასაც ითხოვდა, რომელმაც დაადასტურა, რომ “ოცნება” მელიას დაკავებას სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე განიხილავდა. ამ გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ ამ ადამიანების დაკითხვის საჭიროება ვერ დაინახა.

დღევანდელ სასამართლო სხომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მხარეებს შორის კამათი ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხს და საგამოძიებო უწყების მხრიდან პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნას მოჰყვა. ადვოკატების თქმით, სასამართლომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ბრძანება გააფორმა.

ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვა შოთაძის უწყებამ მელიას პატიმრობაში დატოვება მაშინ, როდესაც ისინი გირაოს თანხაზე აპელირებდნენ. მელიას საქმის პროკურორი ამბობს, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოითხოვდნენ, თუ დაცვის მხარე თანხის გადახდის მზაობას გამოთქვამდა.

მელიას ადვოკატები ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში სამართლებრივ კონსულტაციებს გაივლიან და ბრძოლას ისევ გაანახლებენ. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მელია იქამდე იქნება ციხეში, ვიდრე “ქართული ოცნება” მისი ციხიდან გამოშვების გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები