კლასტერებიდნ უკვე საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ – ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში რთულდება | 13.04.2021

კორონავირუსის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი. გასულ დღე-ღამეში გამოკვლეული საეჭვო სიმპტომების მქონე  37 524 ადამიანიდან კოვიდდადებითი 1 374 აღმოჩნდა. ბოლო სამი თვეა ქვეყანაში დღიური შემთხვევების მსგავსი რაოდენობა არ დაფიქისრებულა. 18-მდეა გაზრდილი კლასტერების რაოდენობაც, რაც იმის მანიშნებელია, რომ ინფექციის საყოველთაო გავრცელება დაწყებულია. ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 11 პაციენტი ემსხვერლა. რეკორდულადაა გაზრდილი დადებითობის დღიური მაჩვენებელიც, რომელმაც გასულ 24 საათში 3,66% შეადგინა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დედაქალაქში, სადაც ბოლო 24 საათში ინფექცია 756 ადამიანს დაუდგინდა, მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება რეგიონებშიც. მთავრობა დამატებითი შეზღუდვებისთვის ემზადება. მანამდე კი, მოსახლეობას უკვე არსებული რეგულაციების მკაცრად დაცვას სთხოვენ.

იზრდება რეინფიცირების შემთხვევებიც. რისი მიზეზიც ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ვირუსის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამია. ასეთი შემთხვევა 100-მდეა, ხოლო 19 შემხთვევის კვლევა ისევ მიმდინარეობს.

იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ს ებრძვის, 8 000-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემა მომატებული შემთხვევებისთვის გასამკლავებლად ამ ეტაპზე მზადაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, COVID კლინიკებში 2333 სწოლია და საჭიროების შემთხვევაში,  საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს.

რაც შეეხება აცრილთა რაოდენობას, ასეთი ქვეყანაში ბოლო მონაცემებით  22 090 ადამიანია. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია, განსაკუთრებული აქტივობა – 70%, თბილისშია. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკამრისი არაა და დღიურად 3 000 ადამიანი მაინც უნდა იცრებოდეს. პაატა იმნაძის თქმით,  რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 290 129 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 251 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 205 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში – 323 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 445 პირი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები