სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან – აქციას შეუერთდა საქართველოში უკრაინის ელჩიც | 12.04.2021

“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის საელჩოსთან აქცია გამართეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ ხმამაღლა და ღიად გამოუცხადოს გვერდში დგომა უკრაინის რესპუბლიკას, რაც ამ დრომდე არ კეთდება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

საელჩოსთან მიმდინარე მოვლენებს შეუერთდა საქართველოში, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვიც, მან  ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა იდგეს, რათა გაერთიანებული ძალებით შეძლონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც რუსეთი ორივე ქვეყანაში  მრავალი წელია ახორციელებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს. ბოლო 24 საათში დონბასში რუსულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხუთჯერ დაარღვიეს. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, დონბასში მიმდინარე წელს 26 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები