პროტესტი და გადაკეტილი გზა რიონის ხეობაში | 12.04.2021

ხმაური და დაპირისპირება რიონის ხეობაში.  ინციდენტი რამდენიმე საათის წინ მოხდა. აქციის მონაწილეები ნამახვანში შეშვებას და კარვებისთვის ალტერნატიულ ფართს ითხოვდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.  ადგილზე ვითარება გუშინ მას შემდეგ, დაიძაბა რაც ღამით პოლიციამ ნამახვანში აქტივისტების კარვები აშალა. ამის შემდეგ პროტესტის ეპიცენტრმა გუმათში გადაინაცვლა. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ დაკეტილ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

ხმაურის და დაპირისპირების შემდეგ, მსვლელობა გაიმართა ჰესის მშენებელი კომპანია “ენკას” ოფისისკენ, თუმცა მოგვიანებით აქციამ ისევ სოფელში გადაინაცვლა.  შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის პარალელურად განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტის ძალადობრივი სცენარის განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა  სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხის გამო მიიღეს. თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ პროტესტის მონაწილეებს. ამბობენ, რომ მდინარის შესაძლო ადიდება საგამოძიებო უწყებამ,  ნამოხვანიდან მათი გამოძევების საბაბად გამოიყენა.  ნამახვანჰესის მოწინააღდეგეთა კარვების დაშლისას ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა ალკოჰოლური სასმელების ბოთლები შენიშნეს და აცხადებდნენ, რომ ისინი სამართალდამცავებმა მიიტანეს.  მათივე განმარტებით,  აქციის მონაწილეებს შორის შინაგანაწესის მიხედვით ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ იკრძალება.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ნამოხვანში კარვების დემონტაჟის გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება ირღვევა.  სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამბობენ, რომ  უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს ოპოზიციაც. დღეს “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა  პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით,  პოლიცია აქტივისტებთან და მოსახლეობასთან მიმართებით სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება უნდა დაიწყოს.

რიონის ხეობაში მიმინარე მოვლენების  უკან განგაშის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საჭიროა კომუნიკაცია მხარეებს შორის და ორივე ინტერესის მშვიდობიანად გათვალისწინება, პირველ რიგში კი გამოხატვის თავისუფლების ნაწილში.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება უახლოეს დღეებში შეხვდება არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია წვლილი შეიტანოს ნამახვანიჰესის პროექტის გაუმჯობესებაში.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდეგ ნამოხვანსი, პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია “ენკა”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას  მოითხოვენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები