გაიზრდება თუ არა პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების რაოდენობა – „გირჩის“ 7-პუნქტიანი ულტიმატუმი | 12.04.2021

პოლიციის შეფების სახალხო არჩევნები, მარიხუანას ლეგალიზაცია და პროპორციული არჩევნები – ეს ნაწილია იმ პირობებისა, რომელიც პოლიტიკურმა პარტია გირჩმა დღეს “ქართულ ოცნებას” გაუგზავნა. საპარლამენტო ბოიკოტის მე-6 თვეს ხვიჩია-მეგრელიშვილის გირჩი იმ 7 პუნქტს ასახელებს, რომლის მინიმუმ ერთი მუხლის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბოიკოტს შეწყვეტენ და პარლამენტში შევლენ. გაიზრდება თუ არა პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების რაოდენობა კიდევ ერთით – ამ კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც “ქართული ოცნება” “გირჩის” ამ შეთავაზებას განიხილავს და მათ საბოლოო პასუხს დაუბრუნებს.

“გირჩის” პირობები მოისმინეს, თუმცა  რამდენიმე პუნქტი  დაუწუნეს “ქართულ ოცნებაში”. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია კავშირი წამოყენებულ პირობებსა და საპარლამენტო ბოიკოტს შორის. “გირჩის” გეგმის სისწორეში ეჭვი ეპარებათ იმ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც ამ დრომდე საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს ამბობენ.

სანამ “ქართული ოცნება” “გირჩთან” მორიგდება, საქართველოში შესაძლოა, უმაღლესი დონის ევროპელი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ. ევროკავშირის ოფისში “ლელოსთან” გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მალავენ, რომ თვის ბოლოს, სავარუდოდ, საქართველოს 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, მათ შორის, ლიუტუვას პირველი დიპლომატი. “ლელოში” ამბობენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება გარდაუვალია, თუმცა აუცილებელია ეს შეთანხმებით დასრულდეს.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია მთელი ოპოზიციური სპექტრი, იმ იმედით, რომ “ქართული ოცნება” ამჯერად მაინც დაიხევს უკან და ქვეყანაში ახალ არჩევნებს დანიშნავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში პოლიტიკური ვითარების გადატვირთვა არ მოხდება, ეს სახელწმიფოსთვის დამღუპველი იქნება. ოპოზიცია მზად არის ხელი მოაწეროს მხოლოდ იმ დოკუმენტს, რომელშიც არჩევნების გარდა, მელია-რურუას ციხიდან გამოშვებაზე იქნება საუბარი.

მოლაპარაკებების პერსპექტივას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგაზვრება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძე კონგრესმენებს, სენატორებს და თეთრი სახლის მაღალი რანგის პირებს შეხვდება. “ოცნებაში” ამბობენ, რომ მოლაპარეკებების მომდევნო რაუნდისთვის მზად არიან, თუმცა ახალი არჩევნების ჩატარება ისევ წითელი ხაზია.

სანამ მოლაპარკებების გზით მხარეები შეთანხმებას უკვე მესამედ ეცდებიან, ოპოზიცია ისევ 15 მაისის აქციისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ თუ თვის ბოლომდე შეთანხმება ვერ მოხერხდება, დასავლეთის რეაქცია კიდევ უფრო მწვავე იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები