აქციის მონაწილეები ნამახვანში შეშვებას და კარვებისთვის ალტერნატიულ ფართს ითხოვენ | 12.04.2021

პროტესტი და გადაკეტილი გზა რიონის ხეობაში – აქციის მონაწილეები ნამოხვანში შეშვებას და კარვებისთვის ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.   მას შემდეგ, რაც გუშინ ღამით პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტების კარვები აშალა პროტესტის ეპიცენტრმა გუმათში გადაინაცვლა. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.  პროტესტს დღეს თბილისიდანაც უერთდებიან.

შინაგან საქმეთა  სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანის გადაწყვეტილება   მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდების და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საფრთხის გამო მიიღეს. თუმცა, ამ ვერსიის არ სჯერათ პროტესტის მონაწილეებს. ამბობენ, რომ მდინარის შესაძლო ადიდება საგამოძიებო უწყებამ,  ნამოხვანიდან მათი გამოძევების საბაბად გამოიყენა.  ნამოხვანჰესის მოწინააღდეგეთა კარვების დაშლისას ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა ალკოჰოლური სასმელების ბოთლები შენიშნეს და აცხადებდნენ, რომ ისინი სამართალდამცავებმა მიიტანეს.  მათივე განმარტებით,  აქციის მონაწილეებს შორის შინაგანაწესის მიხედვით ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ იკრძალება.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ნამოხვანში კარვების დემონტაჟის გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება ირღვევა.  სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამბობენ, რომ  უკანასკნელ დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია. დღეს “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა  პროკურატურაში განცხადებაც შეიტანა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით,  პოლიცია აქტივისტებთან და მოსახლეობასთან მიმართებით სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება უნდა დაიწყოს.

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების  უკან განგაშის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საჭიროა კომუნიკაცია მხარეებს შორის და ორივე ინტერესის მშვიდობიანად გათვალისწინება, პირველ რიგში კი გამოხატვის თავისუფლების ნაწილში.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდეგ ნამოხვანში, პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია “ენკა”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას  მოითხოვენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები