32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან – თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის ბრძოლის დღე | 09.04.2021

32 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან, 30 კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – 1989 წლის 9 აპრილი თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის ბრძოლის დღეა. დღე, როდესაც საქართველომ საბჭოთა ოკუპაციას უარი უთხრა.

პარლამენტის შენობის წინ, 9 აპრილის აქციის უსინათლო მონაწილემ, ლელა ვეფხვაძემ, აქციის დარბევისას შესრულებული ცნობილი სალაღობო რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ იმღერა. 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და ტრაგიკული დღე გაიხსენეს ამ დღის უშუალო მონაწილეებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მათ  თავისუფლებისთვის  დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ქვეყნის პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და ყველას მოუწოდა, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცენ 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. 9 აპრილის ტრაგედიას განცხადებით გამოეხმაურა კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს  მინისტრთა კაბინეტის წევრმა, დედაქალაქის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა. განაცხადეს, რომ 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს სამხედროებმაც და დღევანდელი დღე, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო, კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს პატივი მიაგეს და განაცხადეს, რომ 9 აპრილი ერტდორულად როგორც ტრაგიკული, ისე გამარჯვების დღეა. რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთნ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოპოზიციის რამოდენიმე წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ღამეს კარვებში ათენებენ.

1989 წლის 9 აპრილი საქართელოს უახლეს ისტორიაში, ქართველთა უპრეცენდენტო ერთიანობისა და ამავე დროს ყველაზე ტრაგიკულ დღედ ჩაიწერა. 32 წლის წინ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა  ძალებმა, საბჭოთა კომპარტიის გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებითა და გენერალ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს თბილისის ცენტრში, მთავრობის სასახლესთან შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების იდეის გარშემო გაერთიანებულმა დემონსტრანტებმა, მოსალოდნელი დარბევის შესახებ იცოდნენ, დაშლა მაინც არ უფიქრიათ. 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა – ქალები. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში კი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.