შეუჩერებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ | 08.04.2021

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, რომელიც მოსამართლეთა არჩევის წესს ეხებოდა, ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ეს ხარვეზები დროის მოკლე პერიოდში არ გამოსწორდება, მაშინ შესაძლოა, მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფა გადაიხედოს. ოფიციალურ განცახდებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებულია, რომ საქართველომ მოსამართლეთა დანიშვნა ვენეციის კომისიის საბოლოო აზრის მოსმენის გარეშე გადაწყვიტა.

“ევროპის კავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები, მათ წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, რომელსაც ვენეციის კომისია დამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა განმცხადებელზე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლო, საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტდეს უმაღლესი პროფესიონალური დონისა და კეთილსინდისიერების მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გადახედვა არის პირობაც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების მეორე ტრანშის გამოსაყოფად,” – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროპა საკუთარ ტონს სულ უფრო ამკაცრებს” – ასეთი შეგრძნება დარჩათ განცხადების წაკითხვის შემდეგ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ. ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ “ქართული ოცნების” მძიმე შეცდომების გამო არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირები, არამედ სახელმწიფო დაზიანდება. “ქართული ოცნებამ” კი რეფორმის საბოლოო პროექტი ვენეციის კომისიას უკვე გადაუგზავნა.