საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან – ეპიდვითარება ქვეყანაში | 08.04.2021

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიიღო. ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის კავშირია. თუმცა, სააგენტოში ასევე  ამბობენ, რომ ვაქცინის სარგებელი გვერდითი ეფექტების რისკს აღემატება. ირკვევა, რომ თრომბი უმეტესად 60 წელს ქვემოთ ქალებში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვინც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის, შესაძლოა ბიზნესებისთვის შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმი. კერძოდ, მთავრობა მუშაობს იდეაზე, რომ თუ დაწესებულების პერსონალის 80% ან მეტი იქნება აცრილი, მათ “უსაფრთხო” სტატუსი მიენიჭოთ.

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება. იმუნულოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს კითხვარის საშუალებით გარკვეული რისკ-ფაქტორი თუკი დაუდგინდება, მის აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, ექიმი მიიღებს.

ბოლო დღეებია კოვიდ სტატისტიკა ქვეყანაში უარესდება. 9 გარდაცვლილი, 761 ინფიცირებული და 537 გამოჯანმრთელებული – ასეთია კოროანვირუსის ბოლო 24 საათის მონაცემები. ინფექციამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. COVID-19-ით ბათუმში 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველ აპრილს კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა. კლინიკაში შეყვანიდან ერთ კვირაში კი გარდაიცვალა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიგებს საქართველოს პარლამენტის კიდევ ორი დეპუტატი, ირაკლი ზარქუა და ირაკლი მეძმარიაშვილი, დაემატა. ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირებულია საკანონმდებლო ორგანოს ხუთი დეპუტატი.

გართულებული ეპიდსიტუაციის გამო დღეს კიდევ დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდა. ქელეხი, იუბილე, ქორწილი – მთავრობის დადგენილებით, სოციალური ღონისძიებებისა და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა აიკრძალა. საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის,  გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 2000 ლარი, ხოლო, იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია. ღიბრაძემ  ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრა და  რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სპეციელისტები წერტილოვანი შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ  საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ეს იქამდე უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ამის შესაძლებლობა იქნება. ექიმ ივანე ჩხაიძის თქმით, ბაღებისა და სკოლების დახურვის საკიტხი მაშინ დადგება, თუ  ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ორჯერ და სამჯერ მეტი იქნება.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 15 693 ადამიანია აცრილი. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი ისევ 2%-ზე მეტია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები