ექთნის გარდაცვალების საქმეზე ორ ექიმს და ერთ ექთანს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს | 08.04.2021

პროკურატურამ ექთნის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა “იმედის” ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და რეანიმატოლოგის თანაშემწე ბექა ლიპარტელიანს გამოძებისთვის ხელის შეშლას და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოყენებულა და იმ დროს, როცა გართულების შემდგომი გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ექიმი ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით ბრალდდებულები ბრალს აღიარებენ.

27 წლის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები კლინიკა “იმედის” ხელმძღვანელი პირების დაკავებას იტხოვენ. ამბობენ, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის. მათი განცადებით, მეგი ბაქრაძეს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაეწია, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ოჯახის წევრებს არაერთი კითხვა აქვთ, მათ შორის რატომ შეცვალეს ახლა ექიმებმა  ჩვენებები და  ხომ არ განხორციელდა მათზე ზეწოლა.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატებიც იზიარებენ ოჯახის იმ პოზიციას, რომ პასუხისმგებლობა სხვა პირთა მიმართაც უნდა დადგეს. ოჯახის უფლებადამცველის განმარტებით, მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, საქმეში შესაძლოა უფრო მაღალი სტატუსის მქონე ადამიანების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამიტომ, ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და სათვალთავლო კამერების ჩანაწერების გადაცემას ითხოვს.

მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განმარტება დღეს “იმედის” კლინიკის დირექტორმაც გააკეთა. გიორგი ბარძიმაძე ამტკიცებს, რომ ბაქრაძეს კლინიკაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა. ის მედიკოსების მიერ გამოძიებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას სტრესული ვითარებით ხსნის და ამბობს, რომ ბრალის წარდგენა დანაშაულის დამტკიცებას არ ნიშნავს.

მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდის მიერ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა მიუღებელი და საგანგაშოა ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მუშაობას გააგრძელებს და ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე დადგინდება, იყო თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება საექიმო შეცდომა.

27 წლის მეგი ბაქრაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 18 მარტს ახალციხის “იმედის” კლინიკაში გაიკეთა. რის შემდეგაც მას მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. საავამყოფოს ინფორმაციით, მას ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. იმავე დღეს ახალციხელი ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები