ტრაგიკული შემთვევა ენგურის ხეობაში – ვის ეკისრება პასუხისმგებლობა | 07.04.2021

ტრაგიკული შემთვევა ენგურის ხეობაში. მაშველებმა მდინარიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხე გარდაცვლილს, 47 წლის მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ ადიდებულმა ენგურმა გაიტაცა, დილიდან ეძებდნენ. მანამდე კი, სოფელ შამგონაში იპოვეს მისი ცოლისა და რძლის ცხედრები. ისინი გალის სოფელ წარჩედან არიან. მაშველებმა მდინარიდან 65 წლის ჭუბურხინჯელი მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს, რომელსაც ისინი ზუგდიდში მდინარის გავლით უნდა გადმოეყვანა. გარდაცვლილები გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმის გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დაღუპულთა ნათესავის თქმით, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე გადმოსვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდნენ.

ხუთდღიანი კარანტინის საკითხის გადახედვა დღის წესრიგში მხოლოდ ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დადგა. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო აუცილებლად იმსჯელებს, თუმცა როდის ამ ეტაპზე უცნობია.

ენგურის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა. სუსი ტრაგიკულ შემთხვევას განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვის ფაქტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული საკითხი ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში უმწვავესი ფორმით განიხილება.

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე პაუსიხსმეგბლობას რუსეთს აკისრებს სახელმწიფო მინისტრის აპარატიც. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ოპოზიცია კი მომხარ ტრაგედიაზე სრულ პასუხისმგებლობას  ხელისუფლებას აკისრებს. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამბობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევა მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია. ოპოზიცია მთავრობას შერჩევით მიდგომებში ადანაშაულებს და იმ წესის შეცვლას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულმა მოქალაქეებმა ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

გალიდან მდინარე ენგურის გადმოცურვისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც” ეხმაურება და მთავრობას კარანტინის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის განცხადებით, 5დღიანი კარანტინი ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.

მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ საკარანტინე წესების დაცვა აუცილებელია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საგამონაკლისო ნორმების დაშვებაზე იმსჯელონ.

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით ერთ წელზე მეტია ენგურის ხიდი ჩაკეტილია, მოქალაქეები შემოვლითი გზებით სარგებლონ, რაც მათ სიცოცხლეს  საფრთხეს უქმნის. ამას კი, ქართული მხარის მიერ დაწესებული ხუთდღიანი კარანტინიც ემატება, რომლის გავლაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დროებით, ძირითადად სოციალური საჭიროებისთვის გადმოსულ მოქალაქეებს არ შეუძლიათ. შეგახსენებთ, კოვიდ რეგულაციებს ერთი თვის წინ 63 წლის ექიმთან ვიზიტისთვის გადმოსული გალელი  ექთანი ემსხვერპლა.  მას გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა, თუმცა რეგულაციების მიხედვით ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ქალი კარანტინში მოთავსებიდან იმავე დღეს დაიღუპა.