„მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს“ – საქართველო მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზეა | 07.04.2021

კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი – საქართველო მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე იმყოფება. დადებითობის დღიური მაჩვენებლი 2.48%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე მძმემდება. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, თუმცა ვითარება უარესდება რეგიონებშიც. 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია სამეგრელოში, თვითიზოლაციაში კი 1300-მდე ადამიანი იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არ გამორიცხავს, რომ ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, ზღვისპირა რეგიონში წერტილოვანი შეზღუდვები ისევ დაწესდეს.

ქვეყნის მტავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება. ცერცვაძის თქმით, თუ მოსახლეობას  შეზღუდვების დაწესება არ სურს, უნდა ჩაერთონ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.

საქართველოში ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება ვებ-პორტალი, სადაც მოქალაქეები აცრის სურვილის დასაფიქსირებლად სასურველი ვაქცინისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ. დღესვე გადაწყდა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.

კორონავირუსი არ დაუდასტურდა პრეზიდენტს. ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულ პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა. დღეს COVID-19 დაუდგინდა უმრავლესობის სამ დეპუტატს. მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები