განახლდება თუ არა დიალოგის პროცესი და ჩაერთვება თუ არა საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები | 05.04.2021

15 მაისის მასშტაბურ აქციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ოპოზიცია მთავარ ფსონს ახლა ხალხის პროტესტზე დებს და იმედს იტოვებს, რომ გაზაფხულზე ვადამდელ არჩევნებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების რადიკალურმა ქმედებებმა დაადასტურა, რომ “ოცნებას” ხალხის რეალური ძალის შეეშინდა.

ვიდრე ოპოზიცია ქვეყნის სხვადასხვა წერტილში ჩავა და ამომრჩევლის დარწმუნებას პირისპირ შეეცდება, მოლაპარაკებების ბედი ისევ გაურკვეველია. მიუხედავად ორ რაუნდიანი უშედეგო მცდელობისა, ოპოზიცია მაინც იტოვებს იმედს, რომ ივანიშვილის გუნდი დათმობაზე წავა და უახლოეს პერიოდში ახალ არჩევნებს დანიშნავს. მოლაპარაკებების განახლებამდე კი ხელისუფლების ოპონენტები საკონსიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც უნდა დაადგინოს იყო თუ არა საპარლამენტო მანდატების არ შეწყვეტა კანონის შესაბამისი.

ოპოზიციის მსგავსად, ხელისუფლების წევრები დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებაზე მზაობას გამოთქვამენ, თუმცა ისევ პირდაპირ ამბობენ, რომ ოპოზიციის ახირებებზე დროის დაკარგვას აღარ აპირებენ.  მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე ისევ უშედეგოდ ცდილობს საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები არჩევნების გაყალბებაში დაარწმუნოს.

სანამ თბილისის მთავარ გამზირს ოპოზიციის მასშტაბური აქცია დაიკავებს, ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ დასავლეთის ზეწოლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაიზრდება, რაც შესაძლოა საქნციებშიც კი გადაიზარდოს. მმართველ გუნდში კი განგაშის საფუძველს ისევ ვერ ხედავენ და ოპოზიციას თვითმართველობის არჩევნებისთვის მზადების დაწყებას ურჩევენ.