პოლიტიკური კრიზისის მე-6 თვეს საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო მკაცრდება | 02.04.2021

პოლიტიკური კრიზისის მე-6 თვეს საერთაშორისო კრიტიკა კიდევ უფრო მკაცრდება. ევროკავშირის შუამავლობით ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდგომ დასავლეთი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს უკვე ღია ტექსტებით ესაუბრება და მოსალოდნელ შედეგებზე აფრთხილებს. მამუკა ჟღენტი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში წლების განმავლობაში წარმოადგენდა, ფიქრობს, რომ თუ დროის მოკლე პერიოდში ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს ვერ მოაგვარებს, მუქარები სანქციების დაწესებაზე უკვე რეალობად იქცევა.

საერთაშორისო პარტნიორების განწყობა, რომ სულ უფრო მკაცრდება, ეს 7 ევროპარლამენტარის წერილში კარგად ამოიკითხა ექსპერტების ნაწილმა. ამბობენ, რომ ახლა აუცილებელია პარტიებმა პოლიტიკური დღის წესრიგი გვერდით გადადონ, და ქვეყნისათვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგან.

“ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას” – ასეთია ოპოზიიის შეფასებები ბოლო დროის ყველა იმ კრიტიკუl წერილზე, რომლის მთავარი ადრესატი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის განმუხტვა პოლიტიკურ დიალოგს შეუძლია, ამ შესაძლებლობაზე კი პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ საჯარო უარი განაცხადა. ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ მთავრობის დამაზიანებელ ქმედებებს მალე სანქციების დიდი სია მოჰყვება.

ის რაც საგანგაშოდ მიაჩნიათ ოპოზიციაში, ნაკლებად საყურადღებოა მმართველი გუნდისთვის. ხელისუფლების წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ეს წერილი არა ევროკვაშირის, არამედ 7 ცალკეული ევროპელი დეპუტატის  მოსაზრებაა. “ქართულ ოცნებაში” წერილის წაკითხვის შემდეგ განცხადების მხოლოდ ის ნაწილი გაიზიარეს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეკისრება.

ევროპარლამენტარების გზავნილები, რომ საყურადღებოა, ეს ევროკავშირის ელჩმა დღეს ყველა პოლიტიკურ ძალას შეახსენა. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ წამყვანი პარლამენტარების წერილი კონკრეტულ და ცხად გზავნილებს შეიცავს.

გახდება თუ არა შეერთებული სტატებიდან  და ევროპიდან წამოსული კრიტიკა სანქციების დაწესების წინაპირობა – სანამ მეათე მოწვევის პარლამენტს პარტიათა უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მოლაპარაკებების ბედი კი ისევ გაურკვეველია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამაზე საერთაშორისო პარტნიორები კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები