ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება -კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობამ მატება ისევ დაიწყო | 31.03.2021

ვაქცინაციის პროცესი ფართოვდება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას 55 წელს ზემოთ ადამიანებიც შეძლებენ. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ  სხდომაზე მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე ვაქცინაციაში ჩაერთვებიან დიალეზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტებიც. რეგისტრაცია დამატებითი ჯგუფებისთვის 5 აპრილიდან დაიწყება. ამ დრომდე, ვაქცინაცია შეეძლოთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ან 65 წელს გადაცილებულ პირებს. დღესვე გაირკვა, რომ საქართველო “ფაიზერისგან” 1 000 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.

იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე  გადაწყდა, რომ კორონავირუსზე არსებული ვაქცინის დანაკარგების შესამცირებლად “სათადარიგო სიები” შეიქმნას. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ სიებში პოლიციის და ჯარის წარმომადგენლები ჩაეწერებიან. “ფაიზერის” ვაქცინის შემთხვევაში ერთ შეფუთვაში 6 პირისთვის სამყოფი დოზაა, “ასტრაზენეკას” შემთხვევაში კი 10. თუ დოზები იმავე დღეს არ იქნება ათვისებული, ის მეორე დღისთვის უვარგისი ხდება. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დანაკარგები, დაახლოებით, 3 პროცენტია.

ვაქცინაციის დაბალი ტემპის პარალელურად კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობამ მატება ისევ დაიწყო. გაჩნდა ჯგუფური ეპიდაფეთქებები. ქვეყანა მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა.  ბოლო 24 საათში გამოკვლეული 32 000-მდე ადამიანიდან კოვიდ დადებითი 616 აღმოჩნდა, რომელთაგან ნახევარზე მეტი, 319 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ინფექციას კიდევ 5 პაციენტი ემსხვერპლა. სპეციალისტების თქმით, მოქალაქეები მოშვებულები  არიან და რეგულაციებს აღარ იცავენ. იმართება დიდი თავშეყრები და პირბადის ტარების მაჩვენებლმა მნიშვნელოვნად იკლო.

რეგულაციების გამკაცრებამდე კი აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება. COVID-19-ის გავრცელების გამო  დაიკეტა საწარმო “აჭარა ტექსტილი”. კორონავირუსი საწარმოს 88 თანამშრომელს დაუდასტურდა, საწარმოში 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრმა,”მედკაპიტალის” 52 წლის ექიმის გარდაცვალების მიზეზებზეც ისაუბრა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, ლალი ჯავახიშვილის გარდაცვალება, პირველადი მოკვლევით, აცრას არ უკავშირდება. საკითხს  რეგულირების სააგენტო შეისწავლის. როგორც ცნობილია ექიმმა კორონავირუსზე აცრა ორი კვირის წინ გაიკეთა და  მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა. კლინიკა მის გარდაცვალებასთან გულის პრობლემებს უკავშირებს.

ქვეყანაში პანდემიის დაწყბიდან დღემდე  COVID-19-ით სულ გარდაცვლილია 3 778 პირი, ინფექცია ჯამში 281 761 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო კორონავირუსი სულ 273 167-მა პაციენტმა დაამარცხა. ბოლო მონაცმეებით სულ აცრილია 6 757 ადამიანი, მათ შორის  “ფაიზერით” –  678,  “ასტრაზენეკათი” – 373. 14 000-ზე მეტი აცრის რიგს ელოდება, მათგან 10 000-ზე მეტი 65 წელს ზევით ასაკის ადამიანები არიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები