“ეპიდსიტუაცია უარესდება” – მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს | 30.03.2021

მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში კორანაპანდემიის მესამე ტალღა. მთავრობა არსებული შეზღუდვების გამკაცრებას არ გამორიცხავს. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ  ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაზრდილია, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვისა და თავშეყრების არიდების მკაცრ რეკომენდაციას აძლევს. გამყრელიძის თქმით,  ეპიდემიასთან ბრძოლა მხოლოდ პრევენციული ღონისძიებების დაცვითა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებითაა შესაძლებელი.

მოქმედი რეგულაციების აღსრულების გამკაცრებაზე იმსჯელეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებმა  უნდა გაიგონ, რომ ქელეხები და ქორწილები ეპიდვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2 პროცენტს გასცდა. ამ ეტაპზე COVID-19-ს ქვეყანაში 4 447 პაციენტი ებრძვის.

დღეიდან მოქალაქეებს “ფაიზერით” აცრაც შეუძლიათ. „ფაიზერით“ ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის  6 კლინიკაშია შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი ამ დროისთვის 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული. ჯამში აცრის რიგს, როგორც “ფაიზერით”, ასევე “ასტრაზენეკათი”, 15 000-მდე ადამიანი ელოდება, სულ აცრილია 5 706 პირი. კვირის ბოლოს საქართველოში ჩინური კომპანია “სინოფარმის” მიერ წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზაც შემოვა. ტიკარაძის თქმით,  “სინოფარმი” უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული, თუმცა მას ჯერ ჯანმოს აღიარება არ აქვს. დღესვე გაირკვა, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია ივლისიდან დაიწყება.

საქართველოს მთავრობა ვაქცინაციას ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებსაც  სთავაზობს.  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის  გაკეთება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეეძლებათ და მათთვის რეგისტრაცია სავალდებულო არ იქნება.

ხვალ იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, დაემატება თუ არა კორონავირუსის ვაქცინაციაზე რეგისტრაციას კიდევ ერთი ჯგუფი. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ. ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერი“ მიიღო.