„აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანოშნოს სანქციების დაწესებაზე“ | 30.03.2021

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე – ამის შესახებ  საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ერთობლივ წერილში წერენ. ონლაინ გამოცემა „The Bulwark”-ში გამოქვეყნებულ წერილში იან კელი და დევიდ კრამერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და საუბრობენ, თუ როგორ უნდა უპასუხოს შტატებმა ქვეყანაში არსებულ კრიზისს. კელი და კრამერი თვლიან, რომ საქართველო ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას – შეერთებულმა შტატებმა კი უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე. როგორც დიპლომატების წერილშია აღნიშნული, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოგვარებისთვის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია.

“საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში, ავტორიტარიზმის ზღვის ფონზე, საპარლამენტო დემოკრატიის კუნძულად განიხილებოდა, – ახლა არასტაბილური, ერთპარტიული რეჟიმის ზღვარზე დგას. ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთდასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე. ერთადერთნი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობენ, კრემლში სხედან. ამის გაცნობიერება უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი საქართველოში და დასავლეთში მყოფი საქართველოს მეგობრებისთვის, რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც, ყველა მხარემ უნდა იმუშაოს კოპრომისზე, პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ამისთვის სწრაფად მოქმედებაა საჭირო,”ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები