დანიელსონი დაბრუნდა, მოლაპარაკებები განახლდა, „ოცნება“ უკან დახევას არც ამჯერად აპირებს | 29.03.2021

მოლაპარაკების პროცესი განახლდა, “ქართული ოცნება” კი უკან დახევას არც ამჯერად აპირებს. შეხვედრების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოვლენების განვითარებას დაასწრო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ისევ კატეგორიულად გამორიცხა. ირაკლი ღარიბაშვილმა კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ პირდაპირ თქვა, რომ ხელახალი არჩევნები არც კი განიხილება, პოლიტპატიმრები კი ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ჰყავს.

მოლაპარაკებების უახლოესი 2 დღე, რომ ურთულესი იქნება, ამას დიალოგის დღის წესრიგიც მოწმობს. “ქართული ოცნების” ლიდერები მედიატორებთან დღეს რამდენიმე საათიანი შუალედით ორჯერ მივიდნენ, ორივე შეხვედრის შემდეგ კი პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება დაანონსეს. ევროკავშირის ოფისიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ დღეს ისევ წითელ ხაზებზე ისაუბრა და განმეორებითი არჩევნები გამორიცხა, რადგან მისი აზრით, ამის საფუძველი არ არსებობს.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართვის მზაობას გამოთქვამს უმბუდსმენიც, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდაზე მჯდომი რომელიმე მხარე ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯებს არ გადადგამს, ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელს კრიზისის მოგვარების საკუთარი ხედვა უკვე გააცნეს იმ არასამათავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საარჩევნო და სასამართლოზე რეფორმებზე ამახვილებენ. გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ მესამე სექტორი პირდაპირ ამბობს, თუ “ქართულ ოცნებას” სიტუაციის მოგვარების სურვილი აქვს, მაშინ ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ საპატიმროები უნდა დატოვონ.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, ამას ოფიოციალურ დელეგაციაში შეტანილი ცვლილებებიც მოწმობს. დღეს დილიდან კრისტიან დანიელსონის გარდა მხარეთა არგუმენტებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი რიჩარდ ტიბელსიც ისმენს. იქნება თუ არა დანიელსონის საქართველოში ვიზიტი შედეგეგის მომტანი, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები