ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი 3 დღეში განახლდება | 26.03.2021

მზადება მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის დასკვნით ეტაპს უახლოვდება  – ზუსტად 3 დღეში ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდება, თუმცა მოლაპარაკებების ბედი ჯერ ისევ ბუნდოვანია. კრისტიან დანიელსონის განმეორებით ვიზიტამდე ოპოზიცია ხელისუფლებას ბოლოჯერ აფრთხილებს და “ქართულ ოცნებას” კონკრეტულ არჩევანს სთავაზობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ივანიშვილის გუნდი მოლაპარაკების მაგიდას ისევ ააყირავებს, ამას დასავლეთიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვება.

მოლაპარაკებების გადამწყვეტ რაუნდზე ოპოზიცია ისევ ორი მთავარი პირობით მიდის, თუმცა მზად არიან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში კორექტირება შეიტანონ და “ოცნებასთან” პლებისტიცის დანიშვნაზე იმსჯელონ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, თუმცა სიტუაციის მოგვარების გასაღები ახლა მხოლოდ “ქართული ოცნების” ხელშია.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტამდე “ქართული ოცნების” წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია ვიწრო პარტიულ ინტერესებს ამჯერად მაინც დაივიწყებს და მათ შეთავაზებებს დათანხმდება. მიუხედავად შეთანხმების საჯარო მზაობისა, “ქართული ოცნების” წევრები ისევ ამბობენ, რომ თუ ოპოზიციას ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სურს, მაშინ არჩევნების გაყალბება კონკრეტული არგუმენტებით უნდა დაამტკიცოს.

“სიტუაცია რთულია, თუმცა მოლაპარაკებას პერსპექტივა მაინც აქვს” – ასეთია დიპლომატიური კორპუსის პოზიცია დიალოგის იმ პროცესზე, რომლის პირველი ნაწილი შედეგის გარეშე დასრულდა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ვერ შემდგარი შეთანხმების გამო ევროპა იმედგაცრუებეული დარჩა, თუმცა ახლა აუცილებელია მხარეებმა კომპრომისული ნაბიჯები გადადგან.

დრო იწურება კრიზისი კი ღრმავდება – სწორედ კრისტიან დანიელსონის განმეორებით ვიზიტზე იქნება დამოკიდებული ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში განვითარდება. ოპოზიცია ამბობს, რომ თუ “ქართული ოცნება” მოლაპარაკებას ამჯერადაც ჩაშლის, ამას ქუჩის მასშტაბური გამსოვლები მოჰყვება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები