საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან , მსურველების რეგისტრაცია კი დღეიდან იწყება | 25.03.2021

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან , მსურველების რეგისტრაცია კი დღეიდან იწყება. ფაიზერის  ვაქცინა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის კლინიკებში გადანაწილდება, ვაქცინის 29 500 დოზა კი 14 000 ადამიანს მოხმარდება. ჯანდაცვის მინისტრს იმის შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება -არ აქვს. ​როგორც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, “ფაიზერით” ვაქცინაციისას გარკვეული რეაქცია იმ ადამიანებს შეიძლება გამოუვლინდეთ,  ვინც ფილერს ხშირად იკეთებს.

საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია აპრილში, ვაქცინაცია კი მე-3, მე-4 კვარტალში დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს “ასტრაზენეკას” და “ფაიზერის” ვაქცინების დამატებით დოზებზე, ასევე იგეგმება “სინოფარმისა” და “სინოვაქსის” შემოტანა მას შემდეგ, რაც ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. იგეგმება “კოვაქსის” პლატფორმის მეშვეობით “ნოვავაქსისა” და “ჯონსონ & ჯონსონის” ვაქცინების შემოტანაც. როგორც სამინიტროში განმარტეს, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება.

დღესვე ითქვა, რომ სარისკო ვითარების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში ისევ დადგება.  ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ცვლილებები აპრილის დასაწყისიდან განიხილონ. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 356-მა ინფექცია დაამარცხა. დადებითობის დღური მაჩვენებელი ისევ 2%-ზე დაბალია.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო , რომლის 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ამ დრომდე აცრილია სამედიცინო სფეროს 4 152 მუშაკი. ვაქცინაციის შედეგად 4 მძიმე გართულება დაფიქსირდა. ვაქცინაციის ისედაც დაბალი ტემპი კიდევ უფრო შეანელა აცრის შემდეგ, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიის გამო ახალციხელი ექთნის გარდაცვალებამ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ მოკვლევის პირველადი დასკვნა ამ კვირაში უნდა გამოაქვეყნოს.

აშშ-ში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევის უახლესმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა სიმპტომური დაავადების თავიდან ასაცილებლად 76%-ით ეფექტურია, ასევე „ასტრაზენეკამ“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ ვაქცინამ 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში 86%-იანი ეფექტურობა აჩვენა. კვლევაში აშშ-დან, ჩილედან და პერუდან 32 449 ადამიანი მონაწილეობდა.