გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო | 25.03.2021

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ჟენევაში გამართულ საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეომიმართვის საშუალებით წარადგინა. მან გამოსვლაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე ისაუბრა. მათ შორის, ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისთვის 12 წლით პატიმრობის შეფარდებას. გუშინ მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული დისკრიმინაციის, სიცოცხლის, უსაფრთხოების და საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს  და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.