აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად გაუმკლავდებიან რუსეთის აგრესიას | 25.03.2021

შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ კოორდინირებულად გაუმკლავდნენ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მოწოდებული არიან, ერთობლივად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მავნე კიბერ საქმიანობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით.