სენატორების გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება | 24.03.2021

სენატორების გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა  სხვადასხვაობის მიზეზი ხდება. ამერიკელი კანონმდებლების მესიჯები, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ განსხვავებულად აღიქვა. ხელისუფლების ოპონენტები სენატორების  მოწოდებების მთავარ ადრესატად  მმართველ გუნდს ხედავენ. მათი შეფასებით, სენატორებმა  განცხადებებით ხელისუფლებას აგრძნობინეს, რომ  ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება და თუ ეს შედეგი არ დადგება, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ “ქართულ ოცნებას”  დაეკისრება.  ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია ამერიკელი კანონმდებლების გზავნილები ნიკა მელიას პატიმრობის  შესახებაც.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ამერიკელი სენატორების გზავნილები არც თუ ისე საგანგაშოა მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნების” შეფასებით, სენატორების  განცხადებებში დადასტურდა, რომ ქვეყანას 2012 წლიდან დღემდე,  პროდასავლური კურსიდან  არ გადაუხვევია.  მმართველი პარტია ასევე ამბობს, რომ გუშინდელი მოსმენის შედეგად დადასტურდა, რომ   ოფიციალური ვაშინგტონი  31 ოქტომბრის არჩევნებს  თავისუფალ გარემოში ჩატარებულად და კონკურენტულად თვლის, რომელიც მათივე შეფასებით, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს. მმართველი გუნდის ლიდერები ფიქრობენ, რომ  სენატში გამოთქმული  შეფასებების შემდეგ, ოპოზიციას  შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა მოუწევს.

“ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” სენტაში გამართული  მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს – ასეთია პარტია “მოქალაქეების” პოზიცია.  ლევან იოსელიანისთვის  მთავარი გზავნილი ის აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში  უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე  ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ უახლოეს დღეებში  მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყება.  მოლაპარაკებების მედიატორს კრისტიან დანიელსონს თბილისში კვირის ბოლოს ელოდებიან.