ოლიგარქიული მმართველობა, ზეწოლა სასამართლოზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მედიაზე – გზავნილები სენატიდან | 24.03.2021

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მწვავე განხილვის მიზეზი გახდა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ამერიკელმა კანონმდებლებმა ტონი კიდევ უფრო გაამკაცრეს და პირდაპირ თქვეს, რომ თუ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი არ იქნება შესაძლოა საქართველოს ფინანსურ დახმარებას გადახედონ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტავმჯდომარე ჯინ შაჰინი, რომელიც სხდომას უძღვებოდა ამბობს, რომ ერთადერთი ვინც ოპოზიციის წევრების საპატიმროში ყოფნით და პარლამენტში ცარიელი ადგილებით იმარჯვებს მხოლოდ რუსეთია, ამიტომ ის მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერსები გვერდზე გადადოს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იზრუნონ.

ოლიგარქიული მმართველობა, ზეწოლა სასამართლოზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მედიაზე – სწორედ ამ პრობლემებს ასახელებენ სენატორები ქვეყნის დემოკრატიის გაუარესების მიზეზად. ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველო კრიტიკულ მომენტშია და კრიზისი გაგრძელდება ქვეყანა საბოლოოდ დაკარგავს შანს შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. სენატორები შექმნილ ვითარებაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ და მოუწოდებენ ყველა მხარეს დაძლიონ უთანხმოება.

სენატში გამართულ მოსმენას ესწრებოდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეები ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი. მათ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შემაშფოთებელი უწოდეს და იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც საქართველოში დემოკრატიის მიმართ ნდობას არყევს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ნიკა მელიას დაკავება, ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, მაინც თვლის, რომ კანონის უზენაესობას ყველა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ჯორჯ კენტს კითხვა ჯინ შაჰინმა დაუსვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე აცხადებს, რომ მელიამ წინასწარი პატიმრობის პირობა დაარღვია და ასეთ პირობებში უდანაშაულო არავინაა.

საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე ამერიკელმა პოლიტკოსებმა არ გამორიცხეს, რომ  საქართველოს ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის წინაპირობებიც დაუწესდეს, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა დემოკრატიულმ უკუსვლას განაგრძობს.

დაუწესდება თუ არა საქართველოს ვაშინგტონიდან ფინანსურ დახმარებაზე წინაპირობები ამ ეტაპზე უცნობია. მანამდე კი სენატორები რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოდიან, რომლითაც ისინი პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკური დავის გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები