“უიღბლოდ დავიწყეთ ვაქცინაცია” – ჯანდაცვის მინისტრი ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ აიცრა | 23.03.2021

თამარ გაბუნიას ვაქცინის მიმართ უნდობლობა არ უკვირს და ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა იკვეთება. გაბუნიას თქმით, ახლა აცრის მიმართ ნდობის აღსადგენად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო

“ასტრაზენეკას” ვაქცინა დღეს საჯაროდ საჩხერის სამედიცინო ცენტრშიგაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან  ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო “ფაიზერის” ვაქცინასაც ელოდება. სწორედ “ფაიზერსა” და “ასტრაზენეკას” შორის ექნებათ არჩევანის საშუალება მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს.

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე, იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება ისევ გახდეს საჭირო. გამყრელიძე თვლის, რომ აუცილებელია  რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლის  გამკაცრდეს. მისივცე თქმით ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული, უმრავლესობა ე.წ. ბრიტანულ შტამს განეკუთვნება.

“ასტრაზენეკას”  ვაქცინის ჩატარების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა. ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მსუბუქია.

27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია იშვიათად ვლინდება და მსგავსი შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია აცრები შესაბამისად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარდეს. ​ჯანმო საქართველოში ვაქცინისადმი ნდობის გაძლიერებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარატვს, რომ  ახალციხის კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის არის სრულად აღჭურვილი.

528 ახალი შემთხვევა, 4 გარდაცვლილი და 299 განკურნებული, – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის მონაცემები. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.53%-ს შეადგენს.  ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 278 178-ს შეადგენს, ხოლო ვირუსით 3 714 პაციენტია გარდაცვლილი.