გეოლოგიური მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა – გერმანელი ექსპერტი ვაშლიჯვრის მეწყერზე | 23.03.2021

ვაშლიჯვრის ფერდობზე ჩატარებული პირველადი კვლევის დასრულების შემდეგ თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მაჭავარიანის ქუჩის ფერდობზე დაძრული მეწყერი დღეში 5 სანტიმეტრი სიჩქარით მოძრაობს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. გეოლოგებმა მეწყერის სიჩქარე და სიღრმე აეროფოტოგადაღებით გაზომეს და ასევე დაადგინეს, რომ მეწყერის სიღრმე არა ათი, არამედ დაახლოებით 18 მეტრია. სპეციალისტები შიშობენ, რომ წვიმების ფონზე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ამიტომ დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ ტერიტორიაზე ყველანაირი სამშენებლო პროცესი შეაჩეროს.

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების პირველადი შეფასება გააკეთეს გერმანელმა ექსპერტებმაც, რომლებიც თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და ადგილზე არსებული ვითარება შეისწავლეს. პირველადი დათვალისერების შემდეგ პიტერ ნიუმანი ამბობს, რომ დამეწყრილ ფერდობზე შექმნილი მდგომარეობა არასახარბიელოა და უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მეწყერის გამოა მიღებული უნდა შენარჩუნდეს. მათ შორის, გერმანელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ  აუცილებელია გაგრძელდეს მაჭავარიანის ქუჩის ბლოკირება, დაიწყოს გამაგრებითი და სადრენაჟო სამუშაოები და მოხდეს მეწყერის მუდმივი მონიტორინგი.

ქართველი ექსპერტების რეკომენდაციებს დედაქალაქის მერიაში ნაწილობრივ იზიარებენ. მერის მოადგილე ამბობს, რომ ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ წვიმიანი ამინდების დროს შეჩერდება. ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით მერიაში გუშინ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, კვლევის პირველადი მონაცემები კი დაახლოებით კვირის ბოლოს გასაჯაროვდება, მანამდე კი, მერია დამეწყრილი ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემის მონტაჟს განახორციელებს.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ცნობილი 6 დღის წინ მას შედმეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში ორად გაყოფილი ფერდობის ფოტოები გავრცელდა. როგორც გაირკვა, დედაქალაქის მერიამ პრობლემის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად  სპეციალისტები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს რაც არსებული საფრთხის შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა.  როგორი სცენარით განვითარდება ვაშლიჯვრის ფერდობზე მოვლენები სპეციალისტები ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პროცესი შეუქცევადია და ამას ის ნაპრალებიც ადასტურებს, რომლებიც ფერდობზე ყოველდღიურად იზრდება.