„დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები“ – დანიელსონი თბილისში ბრუნდება | 23.03.2021

ბოლო 2 კვირის განმავლობაში კრისტიან დანიელსონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მეორედ დაეშვება. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იმ მისიით ბრუნდება, რომლის შესრულებაც პირველი ვიზიტის დროს ვერ მოახერხა.

ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლის განმეორებით ვიზიტს მიესალმება და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი საქართველოში არსებული პრობლემების დავიწყებას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამჯერადაც ხაზგასმით ამბობენ, რომ მთავარი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა, თუმცა მზად არიან “ქართულ ოცნებასთან” კომპრომისულ ვარიანტებზეც იმსჯელონ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ “ოცნების” გუნდს საერთაშორისო ზეწოლის ფონზე დათმობაზე წასვლა მაინც მოუწევს, თუმცა აუცილებელია ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კი, რომელიც პარლამენტში შესვლის სურვილს უკვე დიდი ხანია აღარ მალავს, ამბობს, რომ თუ შეთანხმება შედგება, ისინი პარლამენტში საკუთარ ადგილებს დაიკავებენ.

მოლაპარაკებების ჩაშლიდან 1 კვირის შემდეგაც ხელისუფლება გაღრმავებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას ისევ არ იღებს და დიალოგის ჩავარდნაში ოპოზიციას ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დანიესლსონის პირველი ვიზიტის დროს შეთანხმება მხოლოდ იმიტომ ვერ შედგა, რომ ოპოზიციამ საუბარი ულტიმატუმების ენით დაიწყო. უმრავლესობა იმედს იტოვებს, რომ დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოპოზიცია მათ შეთავაზებებს დათანხმდება.

მანამდე სანამ საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას ელოდებიან, საზოგადოებამ ისევ არ იცის იმ მოლაპარაკებების დეტალები, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. აღმოჩნდება თუ არა დანიელსონის ვიზიტი წარმატებული, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მხარეები ერთი მაგიდის გარშემო დასხდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები