ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები პროგრესირებს | 22.03.2021

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები პროგრესირებს. ორად გაყოფილი მიწის ნაპრალი კი ყოველდღიურად იზრდება. დამეწყრილ ტერიტორიას დღეიდან გერმანელი სპეცილაისტები შეისწავლიან. მერიის მიერ მოწველი ინჟინერ-გეოლოგები თბილისში დღეს ჩამოვიდნენ და კვლევის პროცესში უკვე ჩაერთნენ. ისინი ქართველ სპეციალისტებთან ერთად მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას დეტალურად გამოიკვლევენ, რის შემდეგაც გაირკვევა  რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. კვლევის დასრულებამდე კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ, დამეწყრილი ტერიტორიის 24 საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს.

ვიდრე სპეციალისტები ვაშლიჯვრის ფერდზე გააქტიურებულ მეწყერს სწავლობენ, ვაშლიჯვრის მოსახლეობა ყველა იმ მშენებლობის შეჩერებას ითხოვს, რომელიც მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს, მათ შორის არის ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მერიამ მეწყერის დაძვრის მიუხედავად ამ დრომდე არ შეაჩერა. ადგილობრივები მთავრობას, მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავენ და მოითხოვენ, რომ ვაშლიჯვარში ნებისმიერი ტიპის შენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ ის გეოლოგებიც, რომლებიც არსებულ ვითარებას უკვე 5 დღეა სწავლობენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ დინამიკაში მოყვანილი მეწყერის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის მუშაობა დაუშვებელია. გეოლოგები და სეისმოლოგები ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების მონიტორინგის შედეგებს სავარაუდოდ ხვალ გამოაქვეყნებენ. სწორედ ხვალ გაირკვევა საით და რა სიჩქარით მოძრაობს ნახევარ მილიონ კუბურ მეტრამდე მიწის მასაა.

მოსალეობის და სპეციალისტების მოწოდებების მიუხედავად მერია ახალი გზის სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საჭიროებას მაინც ვერ ხედავს და გზის გაყვანას ამ დრომდე აგრძელებს, ამ ფონზე კი მერის მოადგილე თავადაც აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის დამეწყრილ ფერდობზე ნაპრალი იზრდება, თუმცა მინიმალური მოცულობით პროგრესირებს.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე მეწყრული პროცესების დაწყების შესახებ ცნობილი 5 დღის წინ, მას შედმეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში ორად გაყოფილი ფერდობის ფოტოები გავრცელდა. როგორც გაირკვა, დედაქალაქის მერიამ პრობლემის შესახებ უკვე დიდი ხანია იცის, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად  სპეციალისტები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს რაც არსებული საფრთხის შესახებ ყველასათვის ცნობილი გახდა.