გიორგი გახარია ახალი პოლტიკური განაცხადისთვის ემზადება | 22.03.2021

მთავრობის მეთაურის პოსტიდან ხმაურით წასვლის შემდეგ გიორგი გახარია დღეს უკვე პირდაპირ ამბობს, რომ ის არსად არ წასულა და პოლიტიკაში რჩება. როდის ან რა ფორმით დაუბრუნდება ქართულ პოლიტიკას ეს დღეს გიორგი გახარიამ აღარ თქვა, თუმცა დაანონსა, რომ მისი გეგმების შესახებ საზოგადოება სულ მალე გაიგებს.

ბრუნდება თუ არა გიორგი გახარია პოლიტიკაში და ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მის პოლიტიკურ გუნდს შეუერთდებიან – “ქართულ ოცნებაში” გიორგი გახარიას გააქტიურებას მიესალმებიან, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს “ოცნების” გუნდის ერთიანობაზე გავლენას ვერ მოახდეს. უმრავლესობის წევრების აზრით, გახარია პოლიტიკაში ის კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება, რომელიც დღეს ქვეყანას არ ჰყავს.

“პოლიტიკური კრიზისის ფონზე ივანიშვილმა პოლიტიკური თამაშები დაიწყო” – ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ექსპრემიერის შესაძლო დაბრუნებას და ამბობენ, რომ ამ გზით ივანიშვილი რეალური ოპოზიციის გაქრობას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ გადამდგარი პრემიერი პოლიტიკაში მართლაც დაბრუნდება, ეს პირველ რიგში, “ქართული ოცნების” რეიტინგზე აისახება.

იქნება თუ არა გიორგი გახარია იმ მესამე ძალის სათავეში, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა – ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გახარიას და მისი გუნდის მიზანი სწორედ იმ ადამიანების გულის მოგება იქნება, რომლებიც ორ დომინანტ პოლიტიკურ პარტიას უკვე დიდი ხანია ბოიკოტს უცხადებენ. იქნება თუ არა ახალი პოლიტიკური პროექტი წარმატებული – ექსპერტებს ამაზე საუბრის უჭირთ.

ყოფილი პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული ხმაურიანი განცახდება განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 ივნისის ღამეს რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა. მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები ამბობენ, რომ გახარიას პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არ აქვს, რადგან 20 ივნისის აქციის დარბევის ტვირთი სწორედ მის კისერზეა.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს, მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების ნებართვა გასცა. გახარიამ ამ ნაბიჯით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება გადაავადა და თავად პოლიტიკიდან წავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში გახარიას გუნდს “ქართული ოცნების” ის წევრები შეუერთდებიან, რომლებიც პარლამენტში მისი ქვოტით მოხვდნენ.