ვაქცინაცია და ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკები ქვეყამაში | 18.03.2021

დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინა პირდაპირ ეთერში სალომე ზურაბიშვილმა გაიკეთა. პრეზიდენტს კოვიდ საწინააღმდეგო აცრა ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ზურაბიშვილმა ვაქცინის გაკეთებისაკენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს მოუწოდა.

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა 4 დღეში შემოვა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით,  საქართველო „ნოვოვაქსსის“ ვაქცინასაც მიიღებს, რომლის გაყიდვაც მსოფლიოში ივნისში დაიწყება და საქართველო მისი პირველი მომხმარებელი გახდება. თენგიზ ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო აღიარების მოპოვებისა და ეფექტურობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანაში ჩინური ვაქცინაც შემოვიდეს.

ქვეყნის პირველმა ინფექციონისტმა ვაქცინაციის პროცესიც შეაფასა და თქვა, რომ ის ნელი ტემპით მიმდინარეობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, თუ გვინდა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60-65% აიცრას, მაშინ ერთ დღეში ვაქცინა  3000 ადამიანმა უნდა გაიკეთოს.  ცერცვაძე პარადოქს  უწოდებს  ფაქტს, როცა მათ ვაქცინის დაგვიანებით შემოტანისთვის  საყვედუროდნენ, ხოლო შემოტანის შემდეგ მის გაკეთებას არავინ ჩქარობს. ბოლო მონაცემებით საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი. ვაქცინის გასაკეთებლად საკუთარ რიგს 5000-ზე მეტი დარეგისტრირებული პირი ელოდება.

საპატრიარქო ვაქცინაციის პროპაგანდაში ჩართვას ისევ არ აპირებს. სწორედ ვაქცინაციის პროცესი და ქვეყანაში ასრებული ეპიდვითრება იყო ჯანდაცვის მინისტრისა და პატრიარქის შეხვედრის მთავარი თემა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საპატრიარქო მიესალმება მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გადაწყვეტილებებს. თუმცა, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ ამ საკითხზე საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გრძელდება. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ იცის რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებიც პირდაპირ ეთერში აიცრებიან.

ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებზე საუბრობს. ამბობს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაეცა. ის მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და პირბადის ტარებისკენ ისევ მოუწოდებს. გამყრელის განცხადებითვე, ვაქცინაციის სავამდებულოება არ განიხილება.

რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას. 369 ახალი შემთხვევა, 378 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი – ასეთია ბოლო 24 საათის მონაცემები. COVID-19-ით სულ ინფიცირებულია 276 436, ინფექცია 269 384 ადამიანმა დაამრცხა, ხოლო გარდაიცვალა 3 674 პაციენტი.