რეანომობილით გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი 63 წლის ქალი ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა | 17.03.2021

რეანომობილით გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილი 63 წლის ქალი ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. სასტუმროში გარდაცვლილ ქალს გულის შეტევის ნიშნები ჰქონდა, თუმცა რეგულაციების მიხედვით მას ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაევლო. 63 წლის ქალი კარანტინში 16 მარტს მოათავსეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე ხუთდღიან კარანტინს ექვემდებარება. ქალი იმავე დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილი თავადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო.

ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. განმარტეს, რომ პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად კვლევების საფუძველზე დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა. პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახეს, ბრიგადას კი პაციენტი გარდაცვლილი დახვდა.