ყველას გამოკვეთილი პოზიცია აქვს, რომ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში უნდა გაგრძელდეს – ღარიბაშვილი | 17.03.2021

“კითხვები რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას უკავშირდებოდა აღარ არსებობს” – ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ევროპარლამენტში გამართული შეხვედრები. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ევროპელ დეპუტატებს გამოკვეთილი პოზიცია აქვთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ღარიბაშილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ევროდეპუტატების რჩევას გაითვალისწინებს და პარლამენტში შევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური შეხვედრები დღეს ევროპარლამენტში გაიმართა. ვიზიტის მესამე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. დევიდ სასოლთან აუდიენციაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი იყო.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო.

ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს საქართველოს პრემეირ-მინისტრთან ევროპარლამენტარებმაც. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს,  ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს და ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს ირაჩე გარსიას შეხვდა.  როგორც ევროდეპუტატებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პარტიულ ინტერსებზე მაღლა საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დააყენონ და კონსენსუსს მიაღწიონ. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებებს და მოუწოდეს მხარეებს რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და  მიაღწიონ კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რათა პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის პრემიერი სამჯერ შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.  “რადიო თავისუფების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის ინფორმაციით, შარლ მიშელსა და ირაკლი ღარიბაშილს შორის გუშინ გამართული მესამე აუდიენცია ძალიან რთული იყო, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები