გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართალომ ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა | 16.03.2021

10 წელი და 6 თვე. ასეთია მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილება ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნების მიმართ.  ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.

არასრუწლოვანი ბრალდებულების პროცესის პარალელურად,  მცხეთის რაიონული სასამართლოს ეზოში, გახმაურებულ საქმეზე დაკავებული  სრულწლოვანი პირების ახლობლები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა  მოსამართლე ბიძინა სტურუას მიერ 9 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საქმის დანარჩენ სამ ფიგურანტს 16  წლით  პატიმრობა მიესაჯა.  მსჯავრდებულთა ადვოკატები არ გამორიცხავენ რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების და  ადვოკატების  პრეტენზიას არ ეთანხმება საქმის პროკურორი.  დავით  ყაზარაშვილი  განმარტავს, რომ  სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ გასული წლის 19 ივნისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს.  მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა  მოგვიანებით,  5 მათგანს, ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს  მუხლი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან  და   ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები