გზავნილები ბრიუსელიდან – ევროკავშირი ყველა მხარეს კომპრომისზე წასვლას სთხოვს | 16.03.2021

ოფიციალური ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევისკენ და დათმობაზე წასვლისკენ მოუწოდებს. სწორედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. უსაფრთხოების საკიტხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკურ სპექტრში შეთანხმების მისაღწევად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია, თუმცა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის კომპრომისული ნაბიჯები ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა გადადგან. ჯოზეფ ბორელის განცხადების შემდეგ კომპრომისი ფაქტობრივად გამორიცხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელამც მოლაპარაკების საკვანძო საკითხებზე ისევ ხისტი პოზიცია დააფიქსირა. ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არც ხელახალი არჩევნების ჩატარება და არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ განიხილება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გარდა შეხვედრაზე განხილვის თემები იყო მართლმსაჯულების სისტემა, ეკონომიკა, ოკუპაცია  და COVID-19-ის პანდემია. პრემიერ-მინისტრმა ასოცირების საბჭოს წევრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე კი საქართველოს პრემიერი სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისს შეხვდა. საუბრის თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის. გუშინ კი პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა.  ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე ორჯერ მიაბრუნეს. რატომ დასჭირდა შარლ მიშელს ღარიბაშვილთან მეორე შეხვედრის გამართვა უცნობია. შეხვედრიდან გამოსული პრემიერი საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და ოპოზიცია დიალოგის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

ხვალ  მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტსა და ნატო-ში გადაინაცვლებს. ვიზიტის დასკვნით დღეს 17 მარტს კი ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები