ნიკა მელიას გზავნილი ციხიდან | 15.03.2021

ნიკა  მელიას გზავნილი ციხიდან.  წერილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რუსთავის ციხიდან გამოგზავნა მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეეყნდა. ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ თვალყურს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თვლის, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მთავარი გზა საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ ნაბიჯის გადადგმაა, რომლისკენაც მათ დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ.

“ციხიდან ვადევნებ თვალს იმ უზარმაზარ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ჩვენი ამერეკელი და ევროპელი მეგობრებისგან იღებს. მათ სჯერათ ქართველების კეთილგონიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების და სჯერათ, რომ შევძლებთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვიდეთ. ეს მხარდაჭერა ძალას და მოტივაციას მმატებს, აქ ციხეში. პროცესი, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით დაიწყო, უდიდესი შანსია, რომ პოლიტიკურ ჩიხს თავი დავაღწიოთ. ამისთვის საჭიროა, ოლიგარქის ხელისუფლებამ უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ. ჩვენ რეალური საარჩევნო რეფორმა უნდა განვახორციელოთ და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად რეალური მექანიზმები შევიმუშავოთ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმების პარალელურად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. “ქართულ ოცნებას” ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისების დასაძლევად, რომელთაც დრამატულად მძიმე მასშტაბებს მიაღწიეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა. ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნების შედეგად არჩეული ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც მოსახლეობის ნდობის მანდატი ექნება და ახალი ძალითა და ენერგიით უმძიმესი პრობლემების მოგვარებას შეძლებს, – წერს ნიკა მელია.