ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის რთული მისია და შეხვედერები საქართველოში | 12.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა საქართველოში ოფიციალურ შეხვედრები დაიწყო. დღეს მთელი დღის განმავლობაში ის დაპირისაპირებულ მხარეებს ხვდებოდა და ქვეყანაში ასრებულ მდგომარეობას ეცნობოდა. ბოლო შეხვედრა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციის წევრებთან გამართა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ერთადერთი გზა, ქვეყნის ჩიხური მდგომარეობიდან გამოსაყვანად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტაა.

ოპოზიციურ პარტიებამდე ევროკავშირის წარმომადგენლობამ “ქართული ოცნების” ლიდერებს უმასპინძლა. თითქმის 2 საათიან შეხვედრაზე მმართველი გუნდის წევრებმა დანიელსონს მათი არგუმენტები გააცნეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი წითელ ხაზებზე უკვე აღარ ისაუბრეს. “ქართული ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდეს.

საქართველოში ჩამოსულმა სტუმარმა, რომელმაც მხარეებს შორის მთავარი მომრიგებლის როლი მოირგო, ევროკავშირის ოფისში უკვე უმასპინძლა არასამთავრობო სექტორს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორმა თქვა, რომ შვედ დიპლომატთან საუბარი ყველა იმ საკითხს შეეხო, რაზეც ისინი წუხილს უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ, მათ შორის პოლიტიკურ მართმსაჯულებას და საარჩევნო საკითხებს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში საქმიანი ვიზიტი დღეს დილიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც დანიელსონს უმასპინძლა ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი მზად არიან პოლიტიკური შეთანხმებისთვის, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში ის პირადად არ ჩაერთვება.

პირველი შეხვედრა კი ორბელიანის რეზიდენციაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა გამოთქვა იმედი, რომ დანიელსონის ვიზიტი კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. კრისტიან დანიელსონი კი, ქვეყანაში 3 დღის განმავლობაში დარჩება. სწორედ ეს დრო აქვთ მხარეებს, რომ საერთო ენა გამონახონ და პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიონ.