ნუ გაიმეორებთ ისტორიას, ბატონო ხელისუფლებავ! – რა უნდა პროკურატუირას “ტვ პირველში” | 11.03.2021

მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საგამოძიებო უწყებას “ტვ პირველიდან” იმ მასალების ამოღების უფლება მისცა, რომლებზეც ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიო ჩანაწერებია დატანილი.  თუმცა ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის საგანგაშო მოსამართლის ის ჩანაწერი აღმოცნდა, რომლითაც პროკურატურას უფლება ეძლევა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს. ეს კი ჟურნალისტებს უჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე შტურმს და თავისუფალი სიტყვის ჩახშობას გეგმავს.

სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებას “ტვ პირველისგან” არა აუდიო ჩანაწერის შინაარსი, არამედ მხოლოდ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი აინტერესებს, რათა დაადგინოს წყარო, რომელმაც ტელეკომპანიას აუდიოჩანაწერი გადასცა. ეს კი იურისტების თქმით კანონთან შეუსაბამოა, ვინაიდან ჟურნალისტს სწორედ კანონით აქვს გარანტირებული უფლება, არ დაასახელოს კონფიდენციალური წყარო რომელმაც მასალები მიაწოდა. გარდა ამისა უფლებადამცველები ამბობენ, რომ “ტვ პირველში” არ არსებობს ის მტკიცებულება, რისი ამოღებაც პროკურატურას სურს და რომც არსებობდეს, ტელევიზია მის გადაცემაზე უარს განაცხადებდა.

შოთაძის უწყება კი “ტვ პირველს” სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში შეჭრას არ აპირებს. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ მათი მიზანი ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების სწრაფი მიღებაა, რათა ავთენტურობის დადგენის მიზნით დროულად დაინიშნოს ექსპერტიზები და ჩატარდეს საგამოზებო მოქმედებები.

პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას და სასამართლოს განჩინებას უკანონოს უწოდებენ ოპოზიციაში სადაც აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება მოსთხოვოს ჟურნალისტს წყაროს გამხელა.  მათი თქმით, ამ ნაბიჯით ივნიშვილის რეპრესიული მანქანა მედიაზე შტურმს და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობას ცდილობს,  სასამართლოს განჩინება კი არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, თუ როგორ მოქმედებს სამართლებრივი მანქანა პოლიტიკური ინტერესებისთვის.

მმართელ გუნდში კი მედიაზე შტურმს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროკურატურის განცხადებაში შეჭრაზე საუბარი არის და ამ თემით ოპოზიცია პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ცდილობს.

დღევანელ მოვლენებში კი ყველაზე საინტერესო იმ მოსამართლის ბიოგრაფიაა, რომელმაც “ტვ პირველთან” დაკავშირებით განჩინება გამოიტანა. ლაშა კლდიაშვილი, მოსამართლედ სულ რაღაც სამი თვეა დაინიშნა და უკვე ყველაზე სკანდალურ საქმეზე განჩინების გამოტანაც დაევალა. ლაშა კლდიაშვილს 2020 წლის დეკემბრამდე სამოსამართლეო გამოცდილება არ ჰქონია. ის მოსამართლედ დანიშვნამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები