დადგება თუ არა ჟურნალისტების დაშავების გამო სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი | 09.03.2021

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დადგება თუ არა ჟურნალისტების დაშავების გამო სასულიერო პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ-ჯერობით უცნობია. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, რომლისგანაც სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი გუშინ ეპარქიის დატოვებას ითხოვდა, მარტვილის რეზიდენციაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ იხსენებს და მომხდარს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.  მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დაპირისპირება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერი რამდენიმე სასულიერო პირის  და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ორგანიზებული. მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

გუშინდელი აქციის მონაწილეები და მედია მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს ამბიონიდანაც გააკრიტიკა. ეპარქიაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე მიტროპოლიტმა აბაშაში წირვის დროსაც ისაუბრა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ტელევიზიები ადამიანებს ნაგვით კვებავენ და წამლავენ.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოხმდარს ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებენ საპატრიარქოში და მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. საპატრიარქოს შეფასებით მარტვილის რეზიდენციაში სასულიერო პირების კრებაზე შეჭრა, ეკლესიის და სიწმინდის ფეხქვეშ გათლვაა.

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში მაშინ მოხდა, როდესაც  მიტროპოლიტ სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეპარქიის ეზოში სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი შეიკრიბა. ისინი ეპარქიის ახალი მმართველის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. შეხლა-შემოხლის დროს კი აივნის მოაჯირი მოწყდა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები შენობის მეორე სართულიდან გადავარდნენ. ინციდენტისას სულ 5 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მწვავეა. ტელეკომპანია “პოსტივის” ჟურნალისტს ხერხემლის სამი მალის დაზიანება აქვს მიღებული. სხვა დაშავებულები კი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ. მათ შედარებით მსუბუქი მოტეხილობები და ტვინის შერყევა აღენიშნებათ.