გამოძიების მიზანი ახლა მედიის დაშინებაა – ტვ პირველში გასული სკანდალური ჩანაერები და გამოძიება | 09.03.2021

3 დღიანი დუმილის  შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე გამოძიება დაიწყო – შოთაძის უწყებამ გადაწყვიტა, გამოძიება არა ჩანაწერებში არსებულ სავარაუდო დანაშაულზე, არამედ მისი მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე დაიწყოს. უწყების მიერ დღეს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების პროცესში ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩატარდება.

შოთაძის უწყების მიერ დღეს დაწყებულ გამოძიებას წინ მმართველი გუნდის ის განცხადებები უძღოდა, რომლებშიც “ოცნების” წევრები ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერდნენ და ამტკიცებდნენ რომ საუბარი დამონტაჟებულია. “ქართული ოცნების” წევრებმა რიტორიკა არც დღეს შეიცვალეს, თუმცა გამოძიების კვალიფიკაზიაზე საუბარი აღარ ისურვეს. უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

გამოძიების საწყის ეტაპზევე ბევრი კითხვა გაუჩნდათ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სკანდალური აუდიჩანაწერი მაყურებლამდე მიიტანეს. საგამოძიებო გადაცემის წამყვანი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გამოძიების მიზანი ახლა მედიის დაშინებაა, რისი დასტურიც დღეს გავრცელებული განცხადებაა.

დღეს დაანონსებულ გამოძიებაში არაფერია ნათქვამი ჩანაწერის იმ ნაწილზე, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ადამიანების შანტაჟსა და დევნაზე ღიად საუბრობენ. მიყურადების, შენახვისა და გავრცელების მუხლებით დაწყებული გამოძიება ოპოზიციამ უკვე შეაფასა როგორც მიზანმიმართული კამპანია ჟურნალისტების წინააღმდეგ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ გზით “ქართული ოცნების” მიერ მართული პროკურატურა ცდილობს შექმნას წარმოდგენა, რომ ჩანაწერები ძველია და თან დამონტაჟებული.

გაერთიანებული ოპოზიციის  გარდა პროკურატურის მიერ დაწყებული  გამოძიებისადმი ნდობა არ აქვთ იმ პარტიებსაც, რომლებმაც საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტში შევიდნენ. პარტია “მოქალაქეების” ლიდერებმა სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნებისგან” დღეს საგამოძიებო კომისიიის შექმნა მოითხოვეს და დახმარების თხოვნით ოპოზიციურ პარტიებს მიმართეს.

სკანდალური აუდიოჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღის შემდეგ ისევ დუმს საუბრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პრემიერი არც მედიასთან ჩნდება და არც წერილობით განცხადებას ავრცელებს. აუდიოჩანაწერიდან, რომელიც შაბათს “ტვ პირველმა” გაავრცელა, ირკვევა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ, შანტაჟისა და მუქარი მსხვერპლი ხდებოდნენ. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი რომელი წლით თარიღდება ჩანაწერი და არის თუ არა ის ავთენტური.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები