როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ | 08.03.2021

როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ – ამ საკითხზე დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იმსჯელეს. ოპოზიციისთვის მოლაპარაკების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა მიუღებელია, თუმცა ამის მიუხედავად შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლებას დიალოგის ჩაშლის დამატებით საფუძველს არ მისცემენ.  ოპოზიცია თვლის, რომ სკანდალური ჩანაწერის შემდეგ  ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესს კიდევ უფრო დააზიანებს, ამიტომ ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას” გამოცვალოს მომლაპარაკებელი და ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩაანაცვლოს.

ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პოზიციას არ ცვლის პარტია “ლელო”, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დიალოგის პროცესში ჩართულობის  მორალური უფება არ აქვს და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა დაიწყოს.

“ქართულ ოცნებაში” კი პირველ ჩვენებას არ ცვლიან და ისევ აცხადებენ, რომ ოპოზიცია 2010 წლის ფალსიფიცირებულ ჩანაწერს  მოლაპარაკების ჩასაშლელად იყენებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან რჩება და იმედოვნებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით განახლებული დიალოგი გარკვეული შედეგით დასრულდება.

როდის და რა ფორმით გაგრძელდება მმარველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 6 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს მოლაპარაკების მაგიდაზე დაუტოვა, უცნობია. მმართველ პოლიტიკურ ძალას შეთანხმების მისაღწევად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ირაკლი ღარიბაშვილი 16 მარტს ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომაზე მიემგზავრება, იქ სადაც საქართველოს პრემიერისგან კონკრეტულ შედეგებს ელოდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები