პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატების საგანი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახდა | 05.03.2021

საპარლამენტო ბოიკოტის მეხუთე თვეს ოპოზიციური ერთობა აზრთა სხვადაოსხვაობით იწყებს – პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატების საგანი ამჯერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული ის განცხადება გახდა, რომელშიც სააკაშვილი პლებისტიცის იდეას ივანიშვილის მორიგ მახედ აფასებს. ოპოზიციის ნაწილმა ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელი გზავნილი დაიწუნა და დღეს უკვე საჯაროდ თქვა, რომ პლებისციტს ემხრობა, თუმცა ამ თემაზე ოპოზიციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სააკაშვილის მოწოდებებს მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ მის პარტიაშიც. “ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს პირდაპირ თქვეს, რომ მიზანი ერთადერთი და მკაფიოა – დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუნდაც ეს პლებისტიცის გზით მოხდეს. საჯარო გამოკითხვის ამ ფორმას, რომლითაც საზოგადოება ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე საკუთარ აზრს დააფიქსირებს, მიესალმებიან ყოფილი სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებიც.

წინადადება, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული 6 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი საკითხია, მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ოპონენტებს ისევ საგამოძიებო კომისიაში ჩართვას სთავაზობს. “ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ პლებისციტი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღება, რაც ოპოზიცია საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.

ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომ შესაძლოა სწორედ პლებისტიცის გზით მოგვარდეს, არ გამორიცხავენ არასამთავრობო სექტროშიც. “ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაში” ამბობენ, რომ ახლა მთავარია მხარეებმა ვიწრო პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

მანამდე სანამ საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გზებზე მსჯელობენ, ბრიუსელში პრემიერი ღარიბაშვილის იმ ვიზიტს ელოდებიან, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ქართული დელეგაციის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე საზოგადოების წევრები ივანიშვილის გუნდს მეტი პასუხისმგებლობისკენ და კრიზისის განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშნვნისკენ მოუწოდებენ.

ხელცარიელი ჩავა თუ კონკრეტული შეთანხმებებით “ქართული ოცნების” გუნდი ევროპელ პარტნიორებთან – ახლა ესაა ის მთავარი კითხვა რომელზე პასუხიც ჯერჯერობით არავის აქვს. ორკვირიანი ვადა კი, რომელიც შარლ მიშელმა დაპირისპირებულ მხარეებს ორშაბათს მისცა, 16 მარტს იწურება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები