ომბუდსმენის მწვავე შეფასება კარტოგრაფების საქმეზე | 05.03.2021

ომბუდსმენის მწვავე შეფასება კარტოგრაფების საქმეზე.  ნინო ლომჯარიამ  სასამართლოს, მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება.  სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.  ომბუდსმენმა ეს გარემოება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად შეაფასა.   ნინო ლომჯარიას შეფასებით,  საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ.  სახალხო დამცველი, ასევე აღნიშნავს, რომ ამ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა. სახალხო დამცველის აპარატი იმედს იტოვებს, რომ საქალაქო სასამართლო დეტალურად  იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე. პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და  განსახილველ საკითხებზე დასაბუთებულ არგუმენტაციას წარმოადგენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები