რას აპირებს ოპოზიცია და როდის შედგება მოპაპარაკება ხელისუფლებასთან | 03.03.2021

ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადადო. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. ოპოზიციას არ სურს, რომ საპროტესტო აქციები ხელისუფლებასთან დიალოგის ჩაშლის მიზეზი გახდეს, ამიტომ პროტესტს იქამდე წყვეტენ ვიდრე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის ამ გადაწყვეტილების მიზეზი მმართველი გუნდის წევრების გუშინდელი განცხადებები გახდა, რომლებმაც ოპონენტები დესტრუქციაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ პარლამენტის პიკეტირება დიალოგის პროცესზე უარყოფითად იმოქმედებს.

ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი გუნდი იძულებული გახდება და ოპოზიციასთან დიალოგს დაიწყებს იმ საკითხებზე, რომლებიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა და რომელთან დაკავშირებითაც კონკრეტულ შედეგებს შარლ მიშელი ორ კვირაში ელოდება.  თუმცა ამ დრომდე ექვსიდან ორი საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როგორც ოპოზიციისთვის ისე მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ “ქართული ოცნება” მთავარ საკითხებზე მსჯელობას არ დაიწყებს, ირაკლი ღარიბაშვილს 16 მარტს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლა მოუწევს.

საპროტესტო აქციების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაყვეტილებას სწორს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ დიალოგზე შეთანხმების შემდეგ პარლამენტის შენობის პიკეტირება მცდარი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ისევ არ განიხილავენ.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.

როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ე.წ მეხუთე რაუნდი უცნობია. მმართველ გუნდს კონკრეტული შედეგის მისაღწევად ვადა ეწურება. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს  პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ორ კვირიანი ვადა მისცა. 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რომელზეც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და მოლაპარაკებების პროგრესზეც იმსჯელებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები