სირცხვილის კორიდორები, ოპოზიციის პროტესტი და პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტი | 02.03.2021

პოლიციელებით გარშემორტყმული პარლამენტი და ოპოზიციის ხმამაღალი პროტესტი – სწორედ ამ პირობებში მოუწიათ “ქართული ოცნების” წევრებს დღეს სირცხვილის კორიდორის გავლა და საკანონდებლო ორგანოში შესვლა. ოპოზიციურმა ერთობამ პარლამენტთან შეკრება დილის 9 საათიდან დაიწყო, თუმცა პოლიციმ მათ წინ კორდონი აღმართა და გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა. დღევანდელ აქციაზე, რომელიც ოპოზიციური ერთობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაიგეგმა, მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

ოპოზიცია მთავარ საკნონდებლო ორგანოსთან დღეს ისევ ორი მთავარი მოთხოვნით მივიდა. გეგმავენ, რომ ათონელის რეზიდენციაში გუშინ დაწყებული  მოლაპარაკებების ფონზე “ქართულ ოცნებაზე” წეზოლა არ შეწყვიტონ და მათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ისევ კონკრეტულ არჩევანს სთავაზობენ – დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. წინააღნდეგ შემთხვევაში  დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ პროტესტის ცხელი კერა გახდება.

დღევანდელ აქციას დაკავებებისა და დაპირისპირებების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მოძრაობა “საქართველოსთვის” 7 აქტივისტი დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. სამოქალაქო სექტორი, რომელიც დღევანდელ აქციას შეურთდა, ამბობს, რომ  კობახიძე-ღარიბაშვილის ხელისუფლება მათთვის არასასურველი ადამიანების დაკავებას განაგრძობს, თუმცა ეს მათ ვერ შეაჩერებს.

პოლიტიკოსებთან ერთად, საკანონდებლო ორგანოსთან პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფების ხმაც ისმოდა. ახალგაზრდებმა პარლამენტის მარცხენა მხარე მთლიანად გადაკეტეს და მჯდომარე აქციით კონკრეტული მოთხოვნებიც გააჟღერეს.

დღევანდელი აქცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, სიმღერითა და ცაში ბუშტების გაშვებით დასრულდა. ოპოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” საერთო ენის გამონახვას ამ დრომდე ცდილობს, უკვე უახლოესი აქციებისთვის ემზადება. პარასკევს, ხმამაღალი პროტესტი უკვე მთავრობის სახლის წინ გაისმება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები