სად არის დაპირებული ვაქცინა – პასუხი ამ დრომდე არ არსებობს | 01.03.2021

სად არის დაპირებული ვაქცინა – პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ჯანდაცვის  მინისტრის პირველი მოადგილის  განმარტებით, საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას  არ უკავშირდება.  თამარ გაბუნიას  ინფორმაციით   “კოვაქსმა” საქართველოს აცნობა, რომ Pfizer-მა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა. გაბუნია ამტკიცებს, რომ ქართული მხარის მხრიდან Pfizer-თან მიმართებაში შეფერხება არცერთი წუთით არ ყოფილა. მისი თქმით, ვაქცინა ქვეყანაში ვერ შემოვიდა, რადგან შუალედური კომუნიკაციის დროს ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით, დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა.

საგანგებო ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაიმართა, რაც სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” „კოვაქს პლატფორმას“ წერილი გამოაქვეყნა. კითხვაზე – რატომ ვერ მიიღო საქართველომ Pfizer-ის ვაქცინა თებერვალში, „კოვაქს პლატფორმას“ პასუხობს, რომ თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს განცხადება არ არის სწორი, რის გამოც სამინისტრომ  „კოვაქს პლატფორმას“ დამატებითი  განმარტებისთვის უკვე მიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარებით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა ის არის, რომ  საქართველო არ მოხვდა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რომელთაც  თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინა პრიორიტეტულად მიეწოდებათ.  გაბუნია მოსახლეობას პირდება, რომ  AstraZeneca ვაქცინის  პირველი დოზები ქვეყანაში  ორი-სამი კვირის განმავლობაში შემოვა. თუმცა რა დოზებზეა კონკრეტულად საუბარი, ჯერ დაზუსტებული არ არის.

პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო ფაიზერია.   თებერვლის ბოლოს საქართველოს  29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინა უნდა მიეღო და 14 500-მდე სამედიცინო პერსონალი აცრილიყო. დაპირების შეუსრულებლობა  და ვაქცინაციის შეფერხება სავარუდოდ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ამირან გამყრელიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ეს ინფორმაცია დღეს ამირან გამყრელიძე უარყო. ინფორმაციას  არ ადასტურებს არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.