პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს! – შარლ მიშელის მთავარი გზავნილები | 01.03.2021

“პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა” – ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ოფიციალური ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე. შარლ მიშელმა სამი მთავარი გზავნილი გააჟღერა, მათ შორის ერთი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად გამოიყენა და პოლიტიკურ პარტიებს დღესვე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და რეფორმები დაიწყოს. ევროსაბჭოს პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ოპონენტებთან დიალოგის დაწყების მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე შარლ მიშელმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია მხარეებმა კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ. შეხვედრაზე ყურადრება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და უკანონო დაკავებების ფაქტებზე. საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიას და ვაქცინაციის საკითხსაც. ევროსაბჭოს პრეზიდენტი პირობას იძლევა, რომ საქართველოს ვაქცინაზე წვდომა უახლოეს პერიოდში ექნება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ათონელის რეზიდენციაში გამართული აუდიენცია დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვინაიდან შარლ მიშელის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი თემაც ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი იყო. როგორც შარლ მიშელმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, ევროკავშირს და პირადად მას საქართველოში მიმდინარე პროცესები აშფოთებს. ამიტომ მან ხელისუფლებას და ოპოზიციას სიტუაციის განეიტრალებისკენ მოუწოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვია და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. შარლ მიშელთან ერტად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები იმყოფებოდნენ. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანას ხვალ დატოვებს და ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.