ევროპელი მოკავშირეების შეშფოთება უკიდურესად მაღალია – რა უთხრა შარლ მიშელმა ოპოზიციას | 01.03.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა არ დამალეს, რომ მაღალი რანგის ევროპელი პარტნიორის შეფასებები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მკაცრი და უკიდურესად კრიტიკული იყო. ოპოზიცია ამბობს, რომ დახურულ კარს მიღმა განსაკუთრებული ყურადღება ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემებს დაეთმო, თუმცა კონკრეტულად რა პოზიცია ჰქონდა ევროპელ პარტნიორს, ოპოზიციას არ უთქვამს.

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობიდან გამოსავლის გზა რომ ვადამდელ არჩევნებზე გადის, ეს ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დღეს ღიად დააფიქსირა. ლიდერები ამბობენ, რომ მათ შეხვედრაზე სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის პლებისციტის საკითხიც განიხილეს, მიშელისგან კი თანამშრომლობის სრული გარანტია მიიღეს. გადაწყდა, რომ დღეიდან ევროკავშირი ნეიტრალური არბიტრის როლს მოიხსნის და პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთვება.

ოპოზიციის გარდა ევროპელ პარტნიორთან შეხვედრა სურდათ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც, რომლებიც მათი მისამართით უკანონო დევნაზე დიდი ხანია საუბრობენ. სამოქალაქო სექტორმა ევროკავშირის ოფისში დღეს სპეციალური წერილი მიიტანა და შარლ მიშელს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ოპოზიცია შარლ მიშელის პოზიციების მოსმენის შემდეგ დაწრმუნდა, რომ ევროკავშირი საქართველოს თემით დაინტერესებას კიდევ უფრო აქტიურად აპირებს. ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევამდე კი ოპოზიცია ხვალინდელი საპროტესტო აქციისთვის ემზადება, რომლითაც პარტლამენტში შესულ “ქართული ოცნების” წევრებს დისკომფორტს შეუქმნიან და მათ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები